Hnefatafl (მეფის მაგიდა) - ვიკინგების სტრატეგიული სამაგიდო თამაში

ჰნეფატაფლი (Hnefatafl - „მეფის მაგიდა") და მისი სხვადასხვა ვარიაციები ადრეულ შუა საუკუნეებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამაგიდო თამაშად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში. თამაში გავრცელებული იყო ყველა იმ ადგილზე, სადაც ვიკინგებმა ილაშქრეს - ირლანდია, ბრიტანეთი, ისლანდია და ა.შ. ზოგადად, ჰნეფატაფლი ვიკინგთა ეპოქის (VII-X სს.) ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად ითვლება. ტაფლის ტიპის თამაშების რამდენიმე სახეობა არსებობს (Brandub, Ard Ri, Tablut, Tawlbwrdd, Hnefatafl, Alea evangelii), მისი მსგავსი თამაშები არსებობდა ანტიკურ ხანაშიც, შესაძლოა ძვ.წ. IV საუკუნეზე ადრეც კი. ჭადრაკმა მისი ჩანაცვლება მხოლოდ XII საუკუნის შემდეგ შეძლო, თუმცა ჰნეფატაფლს მას შემდეგაც თამაშობდნენ.


ჰნეფატაფლის მოთამაშეები (ოცკელბოს რუნებიანი ქვა, დაახლ. X ს.)

ზოგადი წესები: ჰნეფატაფლს თამაშობს ორი მოთამაშე. ცენტრში დგას მეფე, რომელსაც იცავს 12 ფიგურა, გარშემო კი 24 მოწინააღმდეგეა განლაგებული. მეფის მიზანია მიაღწიოს ოთხი უკიდურესი კუთხიდან ერთ-ერთს და გაიქცეს, ანუ რეალურად თამაში ასახავს მტრისაგან ალყაშემორტყმული მეფის გაქცევას ბრძოლის ველიდან. ერთ-ერთი მოთამაშე თამაშობს თეთრი ფიგურებით დაფის ცენტრიდან და ჰყავს მეფის ფიგურაც. თამაშის მოსაგებად, მან მეფე დაფის კიდემდე უნდა მიიყვანოს უსაფრთხოდ. მეორე მოთამაშე კი, რომელიც შავი (წითელი ან რამე სხვა მუქი ფერის) ფიგურებით თამაშობს (მეფე არ ჰყავს), ცდილობს თეთრი ფიგურების განადგურებას (თუ ფიგურა მოწინააღმდეგის ორ ფიგურას შორის ხვდება, ის განადგურებულად ითვლება) და მეფის ალყაში მოქცევას (ისე, რომ მას სვლის გაკეთების საშუალებას აღარ მიეცეს). იგივეა ირლანდიური სამაგიდო თამაში Tawlbwrdd-ც.



ამერიკასა და ევროპაში ჰნეფატაფლი დღესაც პოპულარულია 

ჰნეფატაფლი History Channel-ს პოპულარულ სერიალ "ვიკინგებში" (Vikings)


ჰნეფატაფლი (სტატიის ავტორის დამზადებული)
საუკეთესო შეხამება


თამაშის წესები უფრო კარგად რომ ავხსნათ, მის ერთ-ერთ ვარიანტს განვიხილავთ:
ჰნეფატაფლის დაფა არის 11X11 ანუ 121 უჯრიანი. ოთხი კუთხის უჯრებზე ფიგურას არ შეუძლია დადგომა და მხოლოდ მეფისთვისაა განკუთვნილი და თუ მეფემ აქამდე მიაღწია, თამაშს იგებს. 

ცენტრალური უჯრაზეც, რომელზეც თავდაპირველად მეფე დგას, მხოლოდ მას შეუძლია დგომა, სხვა ფიგურას მასზე გავლა შეუძლია მაგრამ არა დადგომა.
შემტევი მხარე იწყებს თამაშს. ფიგურები მოძრაობენ ისე, როგორც ეტლი ჭადრაკში ანუ შეუძლიათ ყველა მიმართულებით იმდენ უჯრაზე გადასვლა, რამდენი უჯრაც თავისუფალი იქნება და არ შეუძლიათ მოძრაობა დიაგონალზე. 

მოწინააღმდეგის ფიგურის მოსაკლავად, ის უნდა მოაქციოთ თქვენს ორ ფიგურას შორის ან თქვენს ფიგურასა და კუთხეს ან თქვენს ფიგურასა და მეფის უჯრას შორის. მეფესაც ჩვეულებრივ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოწინააღმდეგი ფიგურის მოკვლაში.

შემტევი მხარე იგებს იმ შემთხვევაში, თუ მეფეს მანამდე დაიჭერს, სანამ კუთხემდე მიაღწევს ანუ გაიქცევა. მეფის შეპყრობისათვის საჭიროა შემტევმა ოთხივე მხრიდან ჩაუკეტოს გზა ფიგურებით (მეფის უჯრასთან თუ დგას, სამი მხრიდანაც შესაძლებელი ხდება მისი გარემოცვა და თავად მეფის უჯრაზე დგომისას ოთხი მხრიდან).


ფრე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ დამცველებს შემტევი მხარის სულ მცირე 2 ფიგურა მაინც ჰყავთ დაჭერილი. თუ მოთამაშეს სვლის გაკეთება აღარ შეუძლია, ის დამარცხებულია.

თამაშის სხვა ვარიანტები და მათი წესები შეგიძლიათ იხილოთ აქ:


ნიკა ხოფერია